BayWa გერმანული საერთაშორისო კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში მდებარეობს. კომპანია 1923 წელს დაარსდა და დღესდღეობით მსოფლიოს 43 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია აერთიანებს სამ მიმართულებას, ესენია: სოფლის მეურნეობა, სამშენებლო მასალები და განახლებადი ენერგია. ორგანიზაციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული და მათი საერთო რაოდენობა 20 000-ს აღემატება.
ამჟამად განაცხადების მიღება აქტიურ პოზიციაზე მიმდინარეობს, ფინანსურ განყოფილებაში, სადაც იმ ახალგაზრდებს იწვევენ, ვისაც განათლება მიღებული აქვს ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ასევე, შესაძლებელია, მსურველი აღნიშნული ფაკულტეტებიდან რომელიმეს აქტიური სტუდენტი იყოს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
- ფლობთ გერმანულ ენას მინიმუმ B2+ დონეზე;
- ხართ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთის აქტიური სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან სწავლა დასრულებული გაქვთ არაუგვიანეს ორი წლისა.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესარჩევ ეტაპზე კანდიდატები გაივლიან პირველად ონლაინ გასაუბრებას კომპანიის წარმომადგენელთან. მეორე ეტაპზე კი შეხვდებიან უშუალოდ განყოფილების ხელმძღვანელს. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს აპლიკანტის რელოკაციას გერმანიაში და აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს სავიზო პროცედურების გავლაში.
სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტების კონკურენტუნარიანობა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო დასაქმების ბაზარზე საგრძნობლად იზრდება.
ზოგადად, BayWa-ს აქვს მაღალი კორპორატიული კულტურა, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ სამუშაო გარემოს და თითოეული თანამშრომლის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამჟამად ბაივას ფიფნანსურ განყოფილებაში (მიუნხენი, პასაუ, აუგსბურგი) 13 ქართველია დასაქმებული, მათ შორის 5 სტაჟიორია.